შემოგვიერთდით:

🌿მორწყვა:

შემოდგომაზე ვარდების მოვლის ძირითადი მიზანია მცენარის მომზადება ზამთრისთვის. პირველ რიში გასათვალისწინებელია, რომ შემოდგომის თვეებში ნალექის რაოდენობა საკმარისია მორწყვის შესამცირებლად. თუ ზაფხულში ვარდებს კვირაში ორჯერ ვრწყავდით, შემოდგომაზე საჭირო რაოდენობის ნალექის მოსვლის შემთხვევაში შესაძლებელია ვარდი საერთოდ აღარ მოვრწყათ. თუ მცენარეს ზედმეტად მოვრწყავთ მივიღებთ ახალ ნაზარდებს, რომელებიც ზამთრამდე ვერ მომწიფდება.

🌿 გასხვლა:

შემოდგომაზე აღარ უნდა მოიჭრას ყვავილი, რათა ისევ და ისევ მცენარემ არ იმუშაოს ახალ ნაზარდზე. უკვე წამოღებულ ახალ ნაზარდებს, რომელსაც ადვილად გაარჩევთ მოცემულ ფოტოზე, უნდა მოვაჭრათ თავები. ეს მათ ხელს შეუწყობს მომწიფებაში.

მცენარე უნდა გასუფთავდეს ჩამოყრილი ფოთლებისგან, რადგან მათზე არსებული დაავადებები გაზაფხულზეც არ გააქტიურდნენ.

ვარდის ძირეული გასხვლა შმოდგომაზე საჭირო არაა, მხოლოდ სანიტარული გასხვლა შეგიძლიათ ჩაატაროთ. ანუ მოაჭრათ დაზიანებული ტოტები. გასხვლამ შეიძლება ხელი შეუწყოს კვირტის გაღვიძებას.

🌿შეწამვლა:

რაც შეეხება შეწამვლას, ამ პერიოდში სრულიად საკმარისია მცენარე შევწამლოთ 1-1,5%-იანი ბორდოს ხსნარით.

თუ ამ პერიოდში ფოთოლზე შევნიშნეთ, მაგ: ნაცარი, შავლაქიანობა, ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ უნდა შეიწამლოს ფუნგიციდებით (რიდომილ გოლდი, ტოპაზი, სკორი).

უნდა გაითვალისწინოთ, რომ სისტემური ფუნგიციდები არ მუშაობს დაბალ ტემპერატურაზე. შესაწამლად ავირჩიოთ მზიანი, თბილი დღე.

თუ გაქვთ დრო კარგი იქნება ვარდს გააცალოთ ფოთოლი ქვემოდან 15-30 სანტიმეტრზე.

🌿სასუქები:

შემოდგომაზე კარგი იქნება გრუნტში შევიტანოთ მინერალური სასუქი მდიდარი ფოსფორით და კალიუმით. მიკროელემენტებიდან ყველაზე საჭიროა მაგნიუმის შეტანა. მაგნიუმის შეტანა შესაძლებელია ფოთლიდანაც. აზოტის შეტანა ამ პერიოდში საჭირო არ არის.

❤️წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო